მოლდოვის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მომავალ წელს ქვეყნის აღმოსავლეთით რუსეთის ახალი შეტევის ძალიან მაღალი რისკი არსებობს
მოლდოვის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მომავალ წელს ქვეყნის აღმოსავლეთით რუსეთის ახალი შეტევის ძალიან მაღალი რისკი არსებობს.
მოლდოვის სპეცსამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური მიიჩნევს, რომ რუსეთი მოლდოვაში შესასვლელად რამდენიმე სცენარს განიხილავს და შეტევა შესაძლოა, იანვარ-თებერვალში ან მოგვიანებით, მარტ-აპრილში დაიწყოს.
„საკითხი ის კი არ არის, განახორციელებს თუ არა რუსეთის ფედერაცია ახალ წინსვლას მოლდოვის ტერიტორიისკენ, არამედ ის, როდის გააკეთებს ამას“, – განაცხადა მოლდოვის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ალექსანდრუ მუსტეატამ.
ალექსანდრუ მუსტეატას განცხადებით, მოსკოვი კვლავ ისახავს მიზნად უკრაინის გავლით მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონამდე, დნესტრისპირეთამდე სახმელეთო დერეფნის უზრუნველყოფას.
უკრაინის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა, ვალერი ზალუჟნიმ გასულ კვირას „ეკონომისტს“ განუცხადა, რომ რუსეთი ამზადებს 200 000-იან ახალ ჯარს მასშტაბური შეტევისთვის, რომელიც შესაძლოა, იანვარში აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან ან თუნდაც ბელარუსიდან დაიწყოს. უკრაინელი გენერალი აცხადებს, რომ შეტევის დაწყება უფრო მეტად გაზაფხულზეა მოსალოდნელი.