მოლდოვის ევროპული ინტეგრაციის შესახებ რეფერენდუმი 20 ოქტომბერს გაიმართება
მოლოდოვის პარლამენტმა მოლდოვის ევროპული ინტეგრაციის შესახებ რეფერენდუმი 2024 წლის 20 ოქტომბერს დანიშნა.
შესაბამის გადაწყვეტილებას 56-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 20 ოპოზიციონერმა კანონმდებელმა თავი შეიკავა, კომუნისტებისა და სოციალისტების ბლოკის ოთხმა დეპუტატმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
ამასთან, კანონპროექტის ავტორებმა შეცვალეს რეფერენდუმის შეკითხვის ფორმულირება. თავდაპირველად კითხვა იყო – „უჭერთ მხარს ევროკავშირში მოლდოვის გაწევრიანებას?“. საბოლოო გადაწყვეტილებით, რეფერენდუმზე შეკითხვა იქნება დასმული შემდეგი ფორმით – „უჭერთ თუ არა მხარს მოლოდოვის კონსტიტუციაში ევროპული ინტეგრაციის ჩაწერას“.
ამგვარად, თუ ამომრჩეველთა უმრავლესობა რეფერენდუმზე აღნიშნულ შეკითხვას დადებითად უპასუხებს, კონსტიტუციაში გაჩნდება ჩანაწერი მოლდოვის ევროპული იდენტობისა და განვითარების ევროპული გზის შეუქცევადობის შესახებ. კონსტიტუციას ასევე დაემატება ახალი მუხლი „ევროპული ინტეგრაცია“.
აღსანიშნავია, რომ შესაბამისი შესწორებების შეტანა კონსტიტუციაში მოხდება პარლამენტში დამატებითი კენჭისყრის გარეშე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ რეფერენდუმის შედეგების დამტკიცებისთანავე.
აღსანიშნავია, რომ მანამდე პარლამენტის სპიკერი იგორ გროსუ ამბობდა, რომ რეფერენდუმი საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად გაიმართება.