მოლდოვის დედაქალაქში სახელმწიფო ენის სახელწოდების შეცვლას აპროტესტებენ
მოლდოვის დედაქალაქში სახელმწიფო ენის სახელწოდების შეცვლას აპროტესტებენ. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, დემონსტრაცია სოციალისტური პარტიის მხარდამჭერების მიერ არის ორგანიზებული.
მომიტინგეები მოლდოვის პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ კანონს არ ეთანხმებიან, რომელიც კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის სახელწოდებად „მოლდოვურის“ ნაცვლად „რუმინულის“ დაფიქსირებას ითვალისწინებს.
აქტივისტები სკანდირებენ სლოგანებს „ჩვენ მოლდოველები ვართ“, „პატივი ეცით კონსტიტუციას“. აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ სოციალისტური პარტიის წევრი დეპუტატებიც. მათ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს აბსურდული უწოდეს. ისინი ითხოვენ, რომ სახელმწიფო ენის სახელწოდების შეცვლის შესახებ საკითხი რეფერენდუმზე გადაწყდეს.
სოციალისტური პარტიის მიერ ორგანიზებული აქციის პარალელურად, მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან კონტრაქციაც იმართება. მათ შორის დგანან პოლიციელები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ დემონსტრანტებს შორის შეტაკებას ადგილი არ ჰქონდეს.
შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს მოლდოვის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც სახელწოდება „მოლდოვური ენის“ „რუმინულით“ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, ნებისმიერი კანონში არსებული ისეთი სიტყვათშეთანხმებები, როგორებიცაა „მოლდოვური ენა“ „ოფიციალური ენა“ „მშობლიური ენა“ უნდა ჩანაცვლდეს „რუმინული ენით“.