მოლდოვის დედაქალაქში პარტია „შორის“ მომხრეები კვლავ საპროტესტო აქციას მართავენ
მოლდოვის დედაქალაქში პარტია „შორის“ მომხრეები კვლავ საპროტესტო აქციას მართავენ, დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა მოქალაქეების მიერ ზამთარში დაგროვილი გადასახადების სრულად დაფარვაა. ისინი მოუწოდებენ დეპუტატებს, შესაბამისი კანონი მიიღონ.
ამასთან, დემონსტრანტებს ხელში უჭირავთ პლაკატი წარწერით – „არა ომს მოლდოვაში“.
გავრცელებული ცნობით, პოლიციამ უკვე დააკავა აქციის ერთი მონაწილე, რომელსაც ცივი იარაღი აღმოუჩინეს. ასევე, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს რამდენიმე არასრულწლოვანიც. პოლიცია მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვას, რომ მიტინგზე არასრულწლოვანები თანმხლები პირის გარეშე მივიდნენ.
აქციების გამო კიშინიოვში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია.
პარტია „შორის“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ მოლდოვის ბიუჯეტში არის თანხა, რათა ხელისუფლებამ მოქალაქეებს ზამთრის თვეებში დაგროვილი გადასახადები დაუფაროს.