მოლდოვაში ყოფილი მმართველი პარტიის ექს-ლიდერის აქტივები დააყადაღეს. როგორც ვებგვერდი „ნიუსმეიქერი“ იუწყება, დაყადაღებულია ვლად პლახოტნიუკის კუთვნილი კომპანია „ფინპარ ინვესტის“ მფლობელობაში არსებული ქონება. მათ შორის სასტუმრო „ნობილი“ და ტელეკომპანია „პრაიმის“, „პუბლიკას“ „კანალ 1“-ის და „კანალ 3“-ის შენობები.
როგორც მოლდოვის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, პლახოტნიუკის ქონება, 2015 წელს მოლდოვის საბანკო სისტემიდან ერთი მილიარდი ევროს გატანის საქმის გამოძიების ფარგლებში დააყადაღეს.
ვლად პლახოტნიუკმა, რომელიც „დემოკრატიულ პარტიას“ მეთაურობდა, ივნისის დასაწყისში ქვეყანა დატოვა.