მოლდოვაში ფერმერები ითხოვენ, რომ მთავრობამ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე
მოლდოველი ფერმები ითხოვენ, რომ მთავრობამ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე. სპეციალური განცხადება, ასოციაცია „ფერმერთა ძალამ“ გაავრცელა.
ასოციაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ 4 ოქტომბერს ხელისუფლებამ მარცვლეულისა და ზეთის თესლის იმპორტის ლიცენზირება საგანგებო მდგომარეობის ვადით შემოიღო, მაგრამ პირველი იანვრიდან საგანგებო მდგომარეობა უქმდება, ამიტომ ფერმერები ითხოვენ, რომ მთავრობამ სასწრაფოდ შემოიღოს „სტაბილური და მდგრადი მექანიზმი უკრაინიდან მარცვლეულისა და ზეთის თესლის იმპორტის შეზღუდვისთვის, როგორც ეს ბულგარეთში და რუმინეთშია.
ფერმერების თქმით, იმპორტზე შეზღუდვების არარსებობა არა მხოლოდ დააზარალებს შიდა ბაზარს, არამედ საფრთხეს შეუქმნის ხორბლის, სიმინდის და მზესუმზირის ექსპორტს რუმინეთში.
„რუმინეთში ექსპორტის ბლოკირება კი სრული კატასტროფა იქნება მოლდოველი ფერმერებისთვის“, – ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.
ფერმერების მოთხოვნაზე მოლდოვის მთავრობა ჯერ კომენტარს არ აკეთებს.