მოლდოვაში ბუნებრივი აირის დეფიციტის გამო, ენერგეტიკის სფეროში განგაში გამოაცხადეს
მოლდოვაში ბუნებრივი აირის დეფიციტის გამო ენერგეტიკის სფეროში განგაში გამოაცხადეს. როგორც ცნობილია, მოლდოვის მიერ რუსულ „გაზპრომთან“ გაფორმებული კონტრაქტის ვადა ამოიწურა, ხოლო ახლის ხელმოწერა ჯერ ვერ მოხერხდა. გარდამავალ ეტაპზე მოლდოვას ბუნებრივი აირის საფასური 4-ჯერ გაუძვირდა. კერძოდ, მოლდოვა „გაზპრომს“ ახლა 1000 კუბურ მეტრ გაზში 790 დოლარს უხდის, მაშინ როდესაც შარშან იმავე რაოდენობაში 200 დოლარს იხდიდა.
როგორც მოლდოვის ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი აცხადებს, ენერგეტიკის სფეროში განგაშის გამოცხადება აუცილებელია, რათა საწარმოები მოვლენების ნეგატიური სცენარით განვითარებისთვის მოემზადონ, ხოლო სახელმწიფო უწყებებმა მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა მოქალაქეები ზამთარში დაუცველები არ დარჩნენ.
როგორც მოლდოვის მთავრობაში აცხადებენ, ენერგეტიკული კრიზისის თავიდან ასაცილებლად საწარმოების ნაწილი მაზუთსა და ქვანახშირზე მუშაობს. ქვეყნის ვიცე-პრემიერმა მოლდოვაში შექმნილ სიტუაციას უპრეცედენტო უწოდა და თქვა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა შეამციროს შოკი, რაც მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის გაძვირებამ გამოიწვია.
მოლდოვის მთავრობა იმედი აქვს, რომ რუსულ „გაზპრომთან“ ბუნებრივი აირის მიწოდების გაგრძელებაზე შეთანხმება მოხერხდება.