მოლდოვაში 20 ოქტომბრის არჩევნებისა და რეფერენდუმის წინ, „მეტამ“ ყალბი ანგარიშები და გვერდები წაშალა
მოლდოვაში დაგეგმილი არჩევნებისა და რეფერენდუმის წინ „ფეისბუქის“ მფლობელმა კომპანია „მეტამ“ წაშალა ანგარიშების ჯგუფი, რომლის სამიზნე აუდიტორია მოლდოვის რუსულენოვანი მოსახლეობა იყო. „მეტას“ ცნობით, აღნიშნული გვერდები არღვევდნენ კომპანიის პოლიტიკას ყალბ ანგარიშებთან დაკავშირებით.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ყალბი ანგარიშები აქვეყნებდნენ მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს, პროევროპელი პოლიტიკოსების მოლდოვასა და რუმინეთის მჭიდრო კავშირების შესახებ კრიტიკულ და მოლდოვაში პრორუსული პარტიების მხარდამჭერ პოსტებს.
„მეტას“ ცნობით, მან წაშალა „ფეისბუქის“ შვიდი ანგარიში, 23 გვერდი და ერთი ჯგუფი, ასევე „ინსტაგრამის“ 20 ანგარიში.
მანამდე, მოლდოვის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ დაბლოკეს ათობით ტელეგრამ-არხი და ჩატ-ბოტი, რომლებიც ამომრჩევლებს სთავაზობდნენ ფულს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმში უარყოფითი პასუხის შემოხაზვის სანაცვლოდ. ეროვნული საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ანგარიშები დაკავშირებული იყო გაქცეულ ბიზნესმენ ილან შორის მხარდამჭერებთან. არჩევნებში ჩარევის საქმის გამოძიების ფარგლებში ილან შორთან დაკავშირებული პირების სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.
მოლდოვაში 20 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ მეორე ვადით იყრის კენჭს. პარალელურად, ამავე დღეს იმართება რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.