მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მიხაი პოპშოი დაინიშნა
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ნიკუ პოპესკუს პარლამენტის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მიხაი პოპშოი ჩაანაცვლებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა მოლდოვის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, მთავრობას ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე ახალი სამინისტრო დაემატება, რომელსაც კრისტინა გერასიმოვი უხელმძღვანელებს. კრისტინა გერასიმოვი საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნად 2023 წლის ნოემბერში დაინიშნა.
მანამდე ნიკუ პოპესკუმ თანამდებობის დატოვების შესახებ კიშინიოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პოპესკუს თქმით, მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს მიერ დასახული საგარეო პოლიტიკური მიზნები წარმატებით შეასრულა და ახლა პაუზა სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ ნიკუ პოპესკუ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე 2021 წელს დაინიშნა.