მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრი - მტკიცედ მწამს, რომ რეალიზდება საქართველოსა და მოლდოვას საერთო ინტერესები, რომლებიც ევროპაში ინტეგრაციისკენ სწრაფვას ემყარება
დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე ის შუქურაა, რომელიც უკვე მთელი ათწლეულებია, რაც სახელმწიფოებრიობის მშენებლობის გზას უნათებს საქართველოს, – ამის შესახებ აღნიშნულია მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრის, ტუდორ ულიანოვიჩის წერილში, რომელიც მან საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით გამოუგზავნა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ჯანელიძისთვის გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ მოლდოვასთვის კვლავ ახლობელია ასი წლის წინ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შემოქმედთა იდეები, რადგან მოლდოვაც და საქართველოც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას დღემდე განაგრძობენ.
ტუდორ ულიანოვიჩის თქმით, მოლდოვა უაღრესად აფასებს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობასა და დინამიურ ურთიერთობებს. ამასთან, მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსა და მოლდოვას საგარეო უწყებებს შორის არსებული დიალოგი და თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
„მტკიცედ მწამს, რომ ხორცს შეისხამს ჩვენი საერთო ღირებულებები და ინტერესები, რომლებიც ევროპაში ინტეგრაციისკენ სწრაფვას ემყარება“ – ნათქვამია წერილში.