მოლდოვას საერთაშორისო დონორები უკრაინელი ლტოლვილების მიღებისთვის 695 მილიონ ევროს გამოუყოფენ
მოლდოვას საერთაშორისო დონორები უკრაინელი ლტოლვილების მიღებისთვის 695 მილიონ ევროს გამოუყოფენ. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა რუმინელ და ფრანგ კოლეგებთან, ასევე მოლდოვის პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გერმანიამ სამშაბათს უმასპინძლა მოლდოვის დასახმარებლად საერთაშორისო დონორთა კონფერენციას. მოლდოვამ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ყველაზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი შეიფარა. ამჟამად მოლდოვაში 100 ათასამდე უკრაინელი ლტოლვილი რჩება.
„ჩვენ გავაძლიერებთ მოლდოვის მდგრადობას ფინანსურ სფეროშიც. ამ ეტაპისთვის ჩვენ შევთანხმდით მხარი დავუჭიროთ მოლდოვას სესხებით, საბიუჯეტო მხარდაჭერით და სხვა ფინანსური დახმარებით, 695 მილიონი ევროს ოდენობით“, – განაცხადა ბერბოკმა.
ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელ პარტნიორებს სურთ, დაეხმარონ მოლდოვას რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში.