მოლდოვამ და ევროკომისიამ დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებები გააფორმეს
მოლდოვამ და ევროკომისიამ დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებები გააფორმეს

მოლდოვამ და ევროკომისიამ დაფინანსების შესახებ სამ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

„მიხარია, რომ მოლდოვის პრემიერ-მინისტრ, მაია სანდუს ისევ შევხვდი ბრიუსელში. დღეს ჩვენ სამ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი. საერთო ჯამში, მათი ღირებულება 40.25 მილიონი ევროა, რაც მოლდოველ ხალხს შესამჩნევ შედეგს მოუტანს“, – წერს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი „ტვიტერზე“.

როგორც აღინიშნა, თანხა, რომელსაც მოლდოვა მიიღებს, ქვეყნის რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას მოხმარდება, ასევე ანტიკორუფციული რეფორმის გატარებას. ეს თანხა ასევე ევროკავშირსა და მოლდოვას შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმების შესრულებას მოხმარდება.

ევროკავშირმა მოლდოვას ფინანსური დახმარება რამდენიმე კვირის წინ მთავრობის შეცვლის შემდეგ თითქმის ორ წლიანი პაუზის შემდეგ აღუდგინა.