მოლდოვა 2021 წლიდან პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის აკრძალვას გეგმავს. ადგილობრივი მედიის ცნობით, შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირა პარლამენტის იურიდიულმა კომისიამ.
ცვლილებების საბოლოოდ დამტკიცების შემდეგ, კანონის დარღვევისთვის ფიზიკური პირებისთვის დაახლოებით 265, ხოლო იურიდიული პირებისთვის 700 დოლარის ოდენობის ჯარიმაა გათვალისწინებული.
კანონპროექტის ავტორები დამოუკიდებელი დეპუტატები და „სახალხო ევროპული პარტიის“ წევრები არიან. ცვლილებების ინიციატორები მოქალაქეებს სთავაზობენ, გამოიყენონ ქაღალდის და სხვა გადამუშავებული მასალისგან დამზადებული ერთჯერადი ჭურჭელი.
აღნიშნული ცვლილებები შიდა ვაჭრობის შესახებ კანონსა და სამართალდარღვევების შესახებ კოდექსში შევა. მოლდოვაში უკვე მიღებულია კანონი, რომელიც 2019 წლის 1-ლი იანვრიდან სქელი პოლიეთილენის პარკების გამოყენებასა და გაყიდვას კრძალავს.
პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის გაყიდვის აკრძალვას ევროკავშირიც გეგმავს.