მოლდოვა რუსული კომპანია „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის შეძენას განაახლებს. ამის შესახებ 20 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე კომპანია „მოლდოვაგაზის“ ხელმძღვანელმა, ვადიმ ჩებანმა განაცხადა.
ჩებანის განმარტებით, დათბობასთან ერთად, დნესტრისპირეთში გაზის მოხმარება შემცირდა და ახლა „მოლდოვაგაზი“ მარტის ბოლომდე შეძლებს დნესტრის მარჯვენა სანაპიროზე თავისი მომხმარებლებისთვის დაახლოებით 0,7-0,8 მილიონი კუბური მეტრის შეძენას.
როგორც ჩებანმა აღნიშნა, „გაზპრომსა“ და „ენერგოკომს“ ფასები პრაქტიკულად ერთნაირი აქვს, ამიტომ „მოლდოვაგაზმა“ გადაწყვიტა ბუნებრივი აირის ნაწილის რუსული ენერგოგიგანტისგან შეძენა. ამასთან, ჩებანი ხაზს უსვამს, რომ ეს არის დროებითი გადაწყვეტილება, რომელიც მარტის ბოლომდე იმოქმედებს.
„აპრილისთვის გადაწყვეტილება ჯერ არ არის, რადგან ეს სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, „გაზპრომის“ და „ენერგოკომის“ ფასებზე, ტირასპოლთან ენერგეტიკული გარიგების პარამეტრებზე“, – განაცხადა „მოლდოვაგაზის“ ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ოქტომბრიდან „გაზპრომმა“ მოლდოვაში გაზის მიწოდება დღე-ღამეში 5,7 მილიონ კუბურ მეტრამდე შეამცირა, რაც ქვეყნისთვის ზამთრის პერიოდში საჭირო მოცულობის ნახევარია.
დეკემბერში „მოლდოვაგაზში“ განაცხადეს, რომ ბუნებრივ აირს ორი წყაროდან შეიძენდნენ – „გაზპრომისგან“ და სახელმწიფო კომპანია „ენერგოკომისგან.“
როგორც მოლდოვის ხელისუფლება აცხადებდა, პირველად დნესტრის მარჯვენა სანაპირო გაზით „გაზპრომისგან“ ალტერნატიული წყაროებიდან იყო უზრუნველყოფილი, ხოლო რუსეთიდან მიღებული ბუნებრივი აირის მთელი მოცულობა ოკუპირებულ დნესტრისპირეთში იაფი ელექტროენერგიის სანაცვლოდ იგზავნებოდა.
აღსანიშნავია, რომ დნესტრისპირეთში მდებარეობს კუჩურგანის ელექტროსადგური, რომელიც ელექტროენერგიით ამარაგებს მოლდოვის დნესტრის მარჯვენა სანაპიროს დიდ ნაწილს.