მოლდოვა დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარის გაყვანას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში ვიზიტისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ნიკოლაი პოპესკუს თქმით, რუსი სამხედროების დნესტრისპირეთში ყოფნა მოლდოვის ნეიტრალიტეტს ეწინააღმდეგება.
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრ პოპესკუს თქმით, ლავროვთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს დასახლება კობასნასთან მდებარე სამხედრო ბაზაზე განლაგებული რუსული შეიარაღების საკითხი. მისივე თქმით, ეს იარაღი და ამუნიცია მოლდოვის მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის.
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მოსკოვი ამ შეიარაღების გატანისა და უტილიზაციის საკითხზე კიშინიოვთან დიალოგისთვის მზადაა.
პოპესკუ გამოდის ინიციატივით, რომ ეს თემა ორმხრივ ფორმატში და ეუთოს მონაწილეობითაც უახლოეს ხანში იყოს განხილული.
შეგახსენებთ, რომ მოლდოვას ტერიტორიაზე რუსული შეიარაღება, რუსეთის 14-ე არმიის ბაზის ტერიტორიაზე ინახება. ამ შეიარაღების განადგურების შესახებ შეთანხმება მოსკოვმა და კიშინიოვმა ჯერ კიდევ 1997 წელს გააფორმეს.