მოლდოვა სარკინიგზო მიმოსვლას აჩერებს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, 12 თებერვლიდან სახელმწიფო კომპანია „მოლდოვას რკინიგზა“ ქვეყნის შიგნით მატარებლების გადაადგილებას შეაჩერებს.
ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა ქვეყნის პარლამენტში გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომელიც რკინიგზაში არსებულ პრობლემებზე მსჯელობას დაეთმო.
როგორც „მოლდოვას რკინიგზაში“ აცხადებენ, მათ მფლობელობაში არსებული მატარებლები მოძველდა და მგზავრების გადაადგილებას საფრთხე ექმნება. მათივე თქმით, კომპანია სახელმწიფოსგან სუბსიდიებს აღარ იღებს, ხოლო პანდემიის გამო რკინიგზას მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიადგა.
ამის გამო ქვეყნის შიგნით მატარებლების გადაადგილება 12 თებერვლიდან შეწყდება. საერთაშორისო გადაზიდვები მოლდოვაში შარშან გაზაფხულზე შეწყდა.
მოლდოვას რკინიგზაში 6,8 ათასი ადამიანი მუშაობს.