მოჰამედ სალაჰმა მუსლიმებს ქალების მიმართ დამოკიდებულების შეცვლისკენ მოუწოდა
ჟურნალ „თაიმის“ ვერსიით მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის მოხვედრილმა ეგვიპტელმა ფეხბურთელმა, მოჰამედ სალაჰმა თანამემამულეებსა და მთლიანად მუსლიმურ სამყაროს გენდერული თანასწორობისკენ მოუწოდა. „თაიმთან“ ინტერვიუში ამ თემაზე ღიად მან პირველად ისაუბრა.
„ვფიქრობ, ჩვენს კულტურაში ქალებისადმი დამოკიდებულება და მათ მიმართ მოპყრობა აუცილებლად უნდა შეიცვალოს. იმაზე დაკვირვებამ, თუ როგორ ექცევიან ქალებს ახლო აღმოსავლეთში, შეცვალა ჩემი წარმოდგენა გენდერული საკითხების მიმართ. ახლა იმაზე მეტად ვუჭერ მხარს ქალებს, ვიდრე ამას წლების წინ ვაკეთებდი, რადგან ვფიქრობ, ისინი იმაზე გაცილებით მეტს იმსახურებენ, ვიდრე ახლა იღებენ“, – განაცხადა „ლივერპულისა“ და ეგვიპტის ნაკრების ფეხბურთელმა.
მოჰამედ სალაჰი ყველა დროის ყველაზე წარმატებული ეგვიპტელი ფეხბურთელია. ის საკულტო ფიგურად არამარტო საკუთარ ქვეყანაში, არამედ მთელ რეგიონში იქცა. გასულ წელს სალაჰმა 28-წლიანი პაუზის შემდეგ ეგვიპტე მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა, რის გამოც მას სამშობლოში ეროვნულ გმირად მიიჩნევენ.