მოძრაობის შეფერხების გამო, ზუგდიდი-თბილისის მატარებლის მგზავრებს ბილეთის საფასურის ნახევარს დაუბრუნებენ
ზუგდიდი-თბილისის მატარებლის მგზავრებს, მოძრაობის შეფერხების გამო, ბილეთის საფასურის ნახევარს დაუბრუნებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, ზუგდიდიდან თბილისისკენ მოძრავი ჩქაროსნული მატარებელი გუშინ უამინდობის გამო აგარა-გორის სარკინიგზო გადასარბენზე გაჩერდა. ძლიერი ქარის, უხვი ნალექისა და ელჭექის შედეგად საკონტაქტო ხაზი გაწყდა. ელექტროენერგიის მიწოდება ვერ მოხერხდა და მატარებლის მოძრაობა შეფერხდა.
„თბილისი-ზუგდიდის სამგზავრო მატარებლის ყველა მგზავრს კომპენსაციის სახით ბილეთის საფასურის 50 პროცენტი უკან დაუბრუნდება. თანხის მისაღებად, მიმდინარე კვირის განმავლობაში მგზავრებს შეუძლიათ ნებისმიერ სალაროს მიმართონ“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„საქართველოს რკინიგზა“ შექმნილი დისკომფორტისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის.