მოძრაობამ „გავიგუდე“ და 11-მა მოსარჩელემ რუსთავში ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართეს
მოძრაობამ „გავიგუდე“ და 11-მა მოსარჩელემ რუსთავში ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართეს

სამოქალაქო მოძრაობამ „გავიგუდე“ და 11-მა მოსარჩელემ რუსთავში ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, სასამართლოს მიმართა.

მოსარჩელეები მორალური ზიანის ანაზღაურებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან და საქვეუწყებო დაწესებულების, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისგან ითხოვენ. მათი განმარტებით, ქალაქ რუსთავში წელიწადში 270 დღის განმავლობაში არის ცუდი ან ძალიან ცუდი ჰაერი, ხოლო სახელწიფო არ დგამს საკმარის ქმედით ნაბიჯებს მდგომარეობის გამოსასწორებლად.

როგორც მოსარჩელეები აცხადებენ, რუსთავში ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო საწარმოებია, რომელთა უდიდესი ნაწილი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით საქმიანობს. მათივე განცხადებით, ქალაქში არსებული საწარმოო ობიექტები არ ასრულებენ ჰაერდაცვით მოთხოვნებს, მათ უმრავლესობას არ აქვთ ფილტრები/აირმტვერდამჭერი მოწყობილობები და სტანდარტების დაცვით გამართული საწარმოო პროცესი, რაც დაადასტურა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულმა ინსპექტირებებმა.

„მოსარჩელეებს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ყოველდღიურად არაერთ დისკომფორტს უქმნის. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ქალაქში ცხოვრება ძალიან დაბინძურებული ჰაერის გამო გაუსაძლისია. რუსთავში ტრიალებს გამონაბოლქვისა და ნამწვის სუნი, რის გამოც ქალაქში გადაადგილებას და ხშირად განიავების მიზნით, ფანჯრების გაღებასაც კი ერიდებიან. ფანჯრების გახსნით სახლი, განიავების ნაცვლად, უფრო ბინძურდება. ეს ყველაფერი კი განსაკუთრებით აუტანელი ხდება ზაფხულში, როდესაც ტემპერატურა მაღალია“, – აცხადებენ მოსარჩელეები.

მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ ირღვევა მათი უფლება სუფთა ჰაერზე და ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოზე.

„ცუდი ჰაერი პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობის მთელ რიგ პრობლემასთან. ეზღუდებათ ფიზიკური აქტივობის და გადაადგილების თავისუფლება, ელახებათ ადამიანის უზენაესი ღირებულება – ღირსება.

მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველების დეპარტამენტი არ არის ორიენტირებული იმაზე, რომ ჰაერის დაბინძურების პრობლემა აღმოიფხვრას ქალაქ რუსთავში. მათი რეაგირება არ არის საკმარისი, ხშირად ადგილზე მიდიან დაგვიანებით, რასაც არანაირი შედეგი არ მოჰყვება“, – აღნიშნავენ მოსარჩელეები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, დავით წერეთლის 3 თებერვლის განჩინებით, სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული. საქმეზე სასამართლო სხდომა 3 მაისს დაინიშნა.