მოძრაობამ „დაიცავი ბათუმი“ რივიერას განაშენიანების წინააღმდეგ მორიგი აქცია გამართა
მოძრაობამ „დაიცავი ბათუმი“ რივიერას განაშენიანების წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გამართა. მოძრაობა წელიწადზე მეტია, სანაპიროზე იმ პროექტის წინააღმდეგ გამოდის, რომლის მიხედვით, ანბანის კოშკის მიმდებარე თავისუფალ ტერიტორიაზე „სილქ როუდ ჯგუფი“ ხუთი ცათამბჯენის აშენებას და იახტკლუბის მოწყობას გეგმავს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროექტი არ ჯდება ისტორიული განაშენიანების ფორმატში, გარდა ამისა, ის ქმნის ეკოლოგიურ საფრთხესაც და კეტავს ქალაქის სივრცეს, საიდანაც ზღვის ჰაერით ხდება ვენტილაცია.
„ეს არის ეკოლოგიური კატასტროფა. მშენებელმა დაიქირავა იტალიური კომპანია, რომლის კვლევის მიხედვით, მშენებლობა საფრთხეს არ წარმოადგენს. ვერ გავიზიარებ. იქნებ, მთავრობამ გაიხსენოს დასკვნა, რომელიც გაერო-შიც არის გაგზავნილი. 2013 წელს ჩატარდა ეს კვლევა და ვიცით, რომ ეს კონცხი ამხელა შენობების დატვირთვას ვერ გაუძლებს“, – ამბობს აქციის მონაწილე ზეინაბ დიასამიძე.
აქციის მონაწილეები, ამბობენ, რომ პროტესტი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
„ჩვენ მუდმივად შევახსენებთ ხელისუფლებას ამ ფორმით, რა სჭირდება ქალაქს, რა სჭირდება ხალხს“, – ამბობს საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი შოთა გუჯაბიძე.
ბათუმის რივიერაზე წარმოდგენილი განაშენიანების პროექტზე საქმისწარმოების დაწყებას ბათუმის საკრებულომ მხარი დაუჭირა.