მოძრაობა „წინსვლის“ აქტივისტებმა ოპოზიციური პარტიების ოფისებთან აქცია გამართეს
ოპოზიციური პარტიების – „ევროპული საქართველოს“, „ლეიბორისტული პარტიისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებთან მოძრაობა „წინსვლის“ აქტივისტებმა აქცია გამართეს.
აქტივისტებმა შენობებზე პლაკატები გააკრეს შინაარსით, რომელზეც აღნიშნული იყო ეუთო/ოდირის დასკვნა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები. პლაკატების გაკვრას სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა მოძრაობის წევრებსა და „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელებს შორის. სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთანაც.
ამასთან, აქტივისტების მხრიდან პარტიის ოფისის ღობეზე პლაკატების გაკვრისა და შიდა პერიმეტრზე შესვლის მცდელობას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოყვა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან.
„ჩვენ მოვხვდით „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, რათა გამოგვეჩინა მათი სახე. ეს მოვახერხეთ და კმაყოფილი ვართ. „ნაციონალური მოძრაობის“ სახეა აშშ-ის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, დახეული დროშა. დღეს მოვიტანეთ დასავლელი პარტნიორების მოწოდებები, რომ ეს პოლიტიკური ძალა შესულიყო პარლამენტში. პასუხად მივიღეთ აშშ-ის დროშის დახევა. ეს პარტია ყოველწუთიერად რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. „ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუწოდებთ, გადადგას ნაბიჯი კონსტრუქციულობისკენ, გააცნობიეროს, რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა. მოვუწოდებთ შეწყვიტოს ქვეყნის წინსვლის შეფერხება“, – განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.
სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიზანი დესტრუქციაა. მათი თქმით, ისინი რუსულ ინტერესს ატარებენ და არ ითვალისწინებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დასკვნას, სადაც აღნიშნულია, რომ არჩევნები ძირითადი ფუნდამენტური უფლებების დაცვით, თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, ასევე არ ითვალისწინებენ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნისა და ევროკავშირის წარმომადგენლების მოწოდებებს პარლამენტში შესვლის თაობაზე.
ამასთან, სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციური პარტიები საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტირებით ქვეყნის საბოტაჟს ახდენენ. მოძრაობა „წინსვლის“ წევრები მოუწოდებენ ოპოზიციონერ დეპუტატებს, მოლაპარაკებების პროცესში არა პარტიული ინტერესით, არამედ სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე იხელმძღვანელონ.