მოძრაობა „თალიბანი“ ადასტურებს, რომ 29 თებერვალს აშშ-სთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება სურს
ავღანური რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ადასტურებს, რომ 29 თებერვალს აშშ-სთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო, „როიტერი“ „თალიბანის“ წარმომადგენელ, ზაბიჰულა მუჯაჰიდზე დაყრდნობით ავრცელებს.
„თალიბანის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ხელშეკრულების ხელმოწერამდე, უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი მდგომარეობა ორივე მხარემ უნდა შექმნას.
ავღანური გამოცემა, „ტოლო ნიუსი“ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოზე დაყრდნობით წერს, რომ ავღანეთის მთავრობას და „თალიბანს“ შორის ძალადობის შემცირების რეჟიმი, 22 თებერვლიდან ამოქმედდება. რეჟიმი შვიდი დღის განმავლობაში იმოქმედებს, რაც სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების წინაპირობაა.