„შეცვალეს“ წევრებმა რეგიონული განვითარების სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს [ფოტო]
მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.
მათ უწყების შენობასთან სიმბოლურად წყლით სავსე ჭურჭელი დატოვეს.
მოძრაობის წევრები ბაკურიანსა და გუდაურში წყალთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემას გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ხელისუფლება ზამთრის კურორტებზე ტურისტულ სეზონს მოუმზადებელი შეხვდა, პრობლემის აღმოსაფხვრელად კი ქმედით ნაბიჯებს არ დგამს.
მოძრაობის წევრებმა შენობაზე „შეცვალეს“ სტიკერების მიკვრა სცადეს, თუმცა ამის შესაძლებლობა მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.
ასევე, მოძრაობის წევრებს სამინისტროს შენობაში წყლით სავსე ჭურჭლის დატოვება სურდათ, მაგრამ შენობის კარი ჩაკეტილი დახვდათ.
„კარს არ გვიღებენ, გვინდა, მოძრაობა „შეცვალეს“ სახელით დავუტოვოთ ეს ჭურჭელი მინისტრს, ვინაიდან მან არა თუ ვერ მოახერხა წინასწარ ზომების მიღება ტურისტულ არეალში უწყლობის პრობლემასთან დაკავშირებით, არამედ უშუალოდ ამ პრობლემის დაწყებიდან რვა დღის შემდეგ ჩავიდა ადგილზე და დღემდე ვერ მოაგვარეს ეს პრობლემა. გვსურს, დავუტოვოთ ეს ჭურჭელი, რომ ამ ინვენტარით მაინც ჩაიტანონ წყალი ბაკურიანში“,- განაცხადა მოძრაობა „შეცვალეს“ წევრმა ქეთი გელიაშვილმა.