მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს
ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლების მოთხოვნით მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრებმა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას გამოუცხადეს.
აქციის მონაწილის, მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი მუმლაძის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი შიმშილობიდან გამომდინარე უარესდება და აუცილებელია, მას კლინიკაში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდეს; ასევე, მის პირად ექიმს მიეცეს მონახულების საშუალება. მუმლაძის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
„აქ შევიკრიბეთ, რომ კონკრეტული გზავნილი გავუგზავნოთ „ქართულ ოცნებას“, რომლის ცარიელ შენობას იცავს რამდენიმე ასეული პოლიციელი. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება შიმშილობიდან გამომდინარე. სრულ პასუხისმგებლობას ბუნებრივია, მის ტყვეობაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სიცოცხლეზე, ვაკისრებ „ქართულ ოცნებას“. პირობას ვდებთ, ამ ადამიანს რაიმე საფრთხე თუ შეექმნება ამ კუთხით, ბუნებრივია, ვერანაირი რაღაც წესრიგი ვერ შეგვაჩერებს. ჩვენ, ქართველი ხალხი ნაკუწ-ნაკუწ დავშლით ამ ბოროტებას, თუ ესენი გონს არ მოვლენ და ამ ადამიანს არ გაათავისუფლებენ დროულად. აი, ეს არის ჩვენი გზავნილი. „ქართული ოცნება“ თუ წავა იმაზე, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი შეიძლება მოკლან ციხეში, ბუნებრივია, ადეკვატური რეაქცია ეიქნება ქართველი ხალხისგან. ჩვენ მის სიცოცხლეს დავიცავთ ნებისმიერ ფასად, რაგდამ ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ღირსების საკითხი“ ,- აღნიშნა მოძრაობა „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, გიორგი მუმლაძემ.
„ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია რამდენიმე წუთში დასრულდა, რის შემდეგაც მისი მონაწილეები რუსთავში, საპატიმროსკენ გაემართნენ.