„მოძრაობა საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია გამართეს
„მოძრაობა საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია გამართეს

„მოძრაობა საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია გამართეს.

მათი თქმით, საქართველოში დღეს პრორუსულმა ძალებმა თავისუფლებაზე, ეროვნულ ღირსებაზე გაილაშქრეს და თბილისის ქუჩებში არეულობა მოაწყვეს, რაც პოლიტიკური ოპონენტების ანგარიშსწორებას ისახავდა მიზნად.

„მოძრაობა საქართველოსთვის“ წარმომადგენლის, გიორგი მუმლაძის განმარტებით, რუსთაველის გამზირზე აქცია დაგეგმილი იყო არა „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ, არამედ მათი კარვების ასაღებად.

გიორგი მუმლაძის განცხადებით, აქცია „ქართული ოცნების“ მიერ იყო დაფინანსებული.

„დღეს საქართველოში პრორუსულმა ძალებმა გაილაშქრეს თავისუფლებასა და ეროვნულ ღირსებაზე. მათ თბილისის ქუჩებში მოაწყვეს არეულობა, რაც მიზნად ისახავდა პოლიტიკური ოპონენტების ანგარიშწორებას. თითქოს ეს იყო კონტრაქცია პრაიდის წინააღმდეგ. ეს იყო მიზეზი და საბაბი, აქცია დაგეგმილი იყო „მოძრაობა საქართველისთვის“ კარვების ასაღებად, რომელიც 7 თვეზე მეტია, პარლამენტთან აპროტესტებს გაყალბებულ არჩევნებს და პოლიტიკურ დევნას. ჩვენ ვნახეთ, რომ როდესაც რადიკალები მივიდნენ პარლამენტთან, მაშინვე დაიწყეს ჩვენი სივრცის უმოწყალოდ დარბევა. ეს იყო იმის ჩვენება, რომ ასე მოექცევიან ყველას, ვინც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გაილაშქრებს.

ეს იყო „ქართული ოცნების“ მიერ დაფინანსებული აქცია, ოლიგარქი ივანიშვილი ამ მეთოდებით მართავს დღეს ქვეყანას, ამაში მას ეხმარებიან საპატრიარქოსთან დახლოებული რადიკალური ძალები. რწმენასთან არაფერი საერთო არ აქვთ ამ ადამიანებს, მათ უნდოდათ, ჩაეხშოთ ის პროტესტი, რაც იყო. ჩვენ მიზანმიმართულად გავეცალეთ და თავი ავარიდეთ ესკალაციას. დღეს ჩვენ გამოვეცალეთ იმ სივრცეს მშვიდობიანად და ისევე დავიბრუნებთ, როგორც მანამდე, შეუპოვარი ბრძოლით, ჩვენი კონსტიტუციური უფლების ფარგლებში“, – განაცხადა გიორგი მუმლაძემ.