„მოძრაობა საქართველოს“ 19 წევრი მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
„მოძრაობა საქართველოს“ 19 წევრი მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს. მოძრაობის წევრების მიმართ, ე.წ. კომენდანტის საათის რამდენჯერმე დარღვევის გამო, სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული. მათ წევრებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან რამდენჯერმე დაუკავშირდნენ, თუმცა მოძრაობის წევრები უწყებაში მისვლას არ აპირებენ.
მათი თქმით, დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე გამოკითხვასთან დაკავშირებით და ახლა ამის მოლოდინში არიან.
გიორგი შოთაძის განცხადებით, მოძრაობის წევრებმა ე.წ. კომენდანტის საათი მიზანმიმართულად დაარღვიეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ნდობის არქონის გამო, უწყებაში გამოცხადებას არ გეგმავენ.
„დამირეკეს და ჯამში 19 ადამიანზეა საუბარი. ყველაზე სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული. ყველას მეორედ და მესამედ გვაქვს დარღვეული კომენდანტის საათი. ეს არის ჩვენი პროტესტის ფორმა იმ არაკონსტიტუციური რეგულაციების მიმართ, რაც დააწესეს. არ ვაპირებთ შსს-ში მისვლას, ვითხოვთ კანონიერ უფლებას, გამოვიკითხოთ მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე. საერთოდ, ეჭვიც მეპარება, რომ ასე მოხდება. მე პირველს დამირეკეს, შემდეგ გავესაუბრე თანამებრძოლებს, ადვოკატს, თუმცა მეტჯერ ჯერ არ დაურეკავთ. შსს-ს ნდობა როგორი აქვს, კარგად მოგეხსენებათ, არც სასამართლო იმსახურებს განსაკუთრებულ ნდობას. ეს იყო შეგნებული ქმედება ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა შოთაძემ.