მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ - დესტრუქციულ ძალებს, ეკლესიის მტრებს, ქვეყნის არევის მსურველებს არ მივცემთ საშუალებას, მოწამლონ ახალგაზრდები, წააქეზონ მშობლებისა და ქვეყნის წინააღმდეგ
საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ ბორჯოშმი მომხდარ ფაქტზე, სადაც „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ტრენინგი უნდა გამართულიყო, განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არანაირი „ტრეინინგი“ არ ტარდება და ეს არის ბავშვების, არასრულწლოვნების გაწვრთნა რევოლუციური მიზნებისთვის.
„საზოგადოებრივი მოძრაობის – „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დაფუძნების დღესვე ვთქვით, რომ დესტრუქციულ ძალებს, ჩვენი ეკლესიის მტრებს და ჩვენი ქვეყნის არევის მსურველებს არ მივცემთ საშუალებას, მოწამლონ ახალგაზრდები და წააქეზონ ისინი საკუთარი მშობლების და ქვეყნის წინააღმდეგ.
არანაირი „ტრეინინგი“ არ ტარდება. ეს არის ბავშვების, არასრულწლოვნების გაწვრთნა რევოლუციური მიზნებისთვის, რომელიც „დემოკრატიის“ და „ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობის“ საფარქვეშ ფინანსდება ქვეყნის გარედან.
მშობლებო, მოარიდეთ ბავშვები ტოკსიკურ ადამიანებს.
ასევე, სრული სიცრუეა, რომ გორში მომხდარი ინციდენტი რაიმე კავშირშია ჩვენს მოძრაობასთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ბორჯომში, სასტუმროში, სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი მივიდა და ქვებს ისროდა. ამასთან, პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ უცნობი პირები ახალგაზრდებს ემუქრებიან.
მანამდე კი, პარტიის ცნობით, გორში პარტიის ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.