„მოძრაობა მომავლისთვის“ და „ლელო საქართველოსთვის“ წევრებმა გორის წითელი ჯვრის ოფისს ჰუმანიტარულ ტვირთი გადასცეს
არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა მომავლისთვის“ და პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ წევრებმა გორის წითელი ჯვრის ოფისს ჰუმანიტარულ ტვირთი გადასცეს, რომელიც შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი.
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ინფორმაციით, კონფლიქტის ზონის სოფლებში სასურსათო პროდუქტი და პირველადი საჭიროების ნივთები მოსახლეობას დაურიგდება.
,,ორგანიზაცია „მოძრაობა მომავლისთვის“ სხვადასხვა ორგანიზაციის მხარდაჭერით ახორციელებს სოციალური ხასიათის ღონისძიებებს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების დახმარებას გულისხმობს. ჩვენ უკვე ვიყავით საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე, დავეხმარეთ ჩვენს მოქალაქეებს თბილისსა და რეგიონებში. დღეს წითელი ჯვრის დახმარებით ცხინვალის რეგიონში შევაგზავნეთ სასურსათო პროდუქტი და პირველადი საჭიროების ნივთები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელთაც ამ რთულ პერიოდში ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა. მამუკა ხაზარაძის აქტიური მხარდაჭერითა და სხვა ორგანიზაციების დახმარებით ხორციელდება სოციალური კამპანია. ამიტომ, მადლობა მათ და ყველას, ვინც გააგრძელებს ამ ესტაფეტას“, – განაცხადა თეონა დოლენჯაშვილმა.
„მოძრაობა მომავლისთვის“ განაგრძობს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას, „ლელო საქართველოსთვის“ მოხალისეებისა და სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით. დღეს წითელი ჯვრის გორის ოფისის დახმარებით დაახლოებით 80 ოჯახს გადაეცემა სურსათი და პირველადი საჭიროების ნივთები. სოციალური ხასიათის კამპანია მოიცავს შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს და მოხუცებს. აღნიშნული კამპანია გაგრძელდება სხვა ოჯახების დასახმარებლად’’, – განაცხადა გიორგი კანაშვილმა.