მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა მცხეთის მერიასთან განვითარებული მოვლენების შესახებ პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს
მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა მცხეთის მერიასთან განვითარებული მოვლენების შესახებ პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს

მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა მხარდამჭერებთან ერთად პროკურატურას საჩივრით მიმართეს. მოძრაობის წევრები იმ პირთა დასჯას ითხოვენ, ვინც მათი მტკიცებით, გუშინ, მცხეთის მერიასთან აქციიის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალა გამოიყენა.

საჩივარს დართული აქვს დისკი, სადაც მათი ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია ყველა ის პირი, ვინც დპირისპრიებაში მონაწილეობდა.

საჩივარი ადგილობრივი მაღალჩინოსნებისა და „ქართული ოცნების“ აქტივისტების წინააღმდეგ არის მიმართული. საერთო ჯამში 20-მდე პირზეა საუბარი.
მოძრაობა „გაბედეს“ წევრის, ბექა ნათელაშვილის განცხადებით, ორგანიზაცია აღნიშნულ ფოტო-ვიდეო მასალას საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაუგზავნის.

„გუშინ დადასტურდა, რომ დიმიტრი ხუნდაძეს ამომრჩეველები აღარ დარჩა მცხეთაში და გარეთ გამოუშვა მერიის თანამშრომლები, მცხეთის მერი, რომელიც უშუალოდ კურირებდა ამ დარბევას. ამას სხვა არაფერი არ ქვია, გარდა დარბევისა, როდესაც 40-50 წელს გადაცილებული ადამიანები წიხლებით იყვნენ შემდგარი ახალგაზრდა ადამიანებზე, ჩვენს თანამებრძოლებზე და რა დროსაც დაგვაკავეს ჩვენ, ეს ადამიანები ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას ისევ, სადაც მუშაობდნენ. დისკზე გვაქვს ვიდეო მასალა, სადაც კარგად ჩანს, როგორ ძალადობენ ეს ადამიანები. მოვედით აქ და ვითხოვთ ამ ადამანების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას“ ,- განაცხად ბექა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, დიმიტრი ხუნდაძემ დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს.

„უნდა შეუწყდეს მაჟორიტარის უფლებამოსილება, ვინაიდან მას ჰქონდა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თვითონ მისცა დავალება, ჩვენ ასე გაგვსწორებოდნენ გუშინ. ამ ვიდეომასალას ჩვენ გადავცემთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებს, გავუგზავნით კადრებს აშშ-ს კონგრესსა და სენატში. მთელი მსოფლიო გაიგებს იმას, თუ როგორ სასტიკად იმეტებენ ეს კრიმინალები ახლაგაზრდებს“ ,-  განაცხადა ბექა ნათელაშვილმა.

ადვოკატი მარი ცუცქირიძე საგამოძიებო უწყებისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს. მისი თქმით, წარმოდგენილ ვიდეომასალაზე დაყრდნობით, დამნაშავეთა იდენტიფიცირება რთული არ იქნება.

„რაც მოხდა მცხეთაში, უდავოდ არის დანაშუალი. მშვიდობიანი მოსახლეობა, მშვდობიანი შეკრების მონაწილეები, ფაქტობრივად, სცემეს. მათზე განახორციელეს ძალადობა. რამოდენიმე მუხლზე ვაკეთებთ აპელირებას საჩივარში. ეს არის ცემა, ძალადობა, სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტება, ბოროტად გამოყენება დიმიტრი ხუნდაძის მხრიდან. აქციის მონაწილეებს ერთადერთი, რაც უნდოდათ და რისი კანონიერი უფლებაც მათ აქვთ, უნდოდათ მაჟორიტარ დეპუტატთან შეხვედრა, მისთვის რამდენიმე კითხვის დასმა და პასუხის მიღება. ამის ნაცვლად, ხუნდაძემ წინასწარ განზრახულად, შეკრიბა ძალადობის ჯგუფი, რომელიც შეკრების მონაწილეებს შეკრების დაწყებისთანავე დაუწყო ჯერ სიტყვიერი შეურაცხოფის მიყენება, შემდეგ გადავიდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. ჩვენ გვაქვს კადრები, რომელიც დავურთეთ საჩივარს, სადაც მარტივია იდენტიფიცირება“ ,- განაცხადა ადვოკატმა.