მოძრაობა „გაბედეს“ წარმომადგენლებმა ლაშა ჩხარტიშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართეს და საქალაქო სასამართლოს ეზოს გარეთ სიმბოლურად ლობიო დათესეს
მოძრაობა „გაბედეს“ წარმომადგენლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ლაშა ჩხარტიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა ადგილზე სიმბოლურად ლობიოს მარცვლები მიიტანეს.
მათი თქმით, ჩხარტიშვილის დაკავება სწორედ ჰაერში ლობიოს მარცვლების აყრის გამო მოხდა.
საქალაქო სასამართლოსთან მანდატურები და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.
მათ აქციის მონაწილეებს ეზოში ლობიოს დათესვის საშუალება არ მისცეს. მოძრაობა „გაბედეს“ წარმომადგენლებმა მოგვიანებით ლობიო სასამართლოს გარეთ დათესეს.
„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი 29 ნოემბერს საჯარო ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე დააკავეს. მას რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული. ლაშა ჩხარტიშვილს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.