ფოთის საკრებულოსთან ხმაურია. მოძრაობა „გაბედეს“ წევრები საკრებულოს სხდომაზე დასწრებას ითხოვენ, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს.
აქციის მონაწილეები საკრებულოს შენობასთან აირწინაღებითა და ლანგარზე დადებული თევზით მივიდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, ამ ფორმით ფოთში გავრცელებულ თევზის სუნს აპროტესტებენ.
„ქალაქი თევზის სუნით ყარს. არ გვიშვებენ საკრებულოს სხდომაზე. თევზის გადამამუშავებელ ქარხნებს კი მხოლოდ 1000 ლარით აჯარიმებენ. ფოთის დეპუტატი ირაკლი ხახუბია კი, ერთ-ერთი ქარხნის მეპატრონეა და მილიონობით ლარის სარგებელს იღებს“, – განაცხადა მოძრაობა „გაბედეს“ წევრმა ბექა ნათელაშვილმა.
მოძრაობა „გაბედეს“ მიერ მოწყობილ აქციას გამოეხმაურა ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას ბიუროს ხელმძღვანელი შალვა სარდალიშვილი. იგი აღნიშნულ აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწყობილს უწოდებს.
„დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას თევზის საწარმოს აქვს საერთაშორისო დონის ევროკავშირის „აისო“ სერტიფიკატი და იგი აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს. ამასთანავე ვიტყვი, რომ ამ ქარხნის ბიუჯეტში შენატანი თანხა სოლიდურია. მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს, სიღრმისეულად დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით და გაავრცელონ სწორი ინფორმაცია“, – განაცხადა შალვა სარდალიშვილმა.