მოძრაობა „დაიცავი ბათუმის“ წევრები „ბათუმი რივიერას“ პროექტის შეჩერებას ითხოვენ
მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს და „ბათუმი რივიერას“ პროექტის შეჩერებას ითხოვს.
როგორც მოძრაობის წევრები აცხადებენ, პროექტის მიხედვით, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო-საცხოვრებელი, ტურისტული და რეკრეაციული კომპლექსი უნდა აშენდეს, რომელიც რამდენიმე ცათამბჯენის მშენებლობასაც ითვალისწინებს.
„დაიცავი ბათუმის“ წევრები პროექტს რამდენიმე თვეა, აპროტესტებს და მოითხოვენ, თავისუფალ ტერიტორიაზე განაშენიანება ისტორიული ბათუმის არქიტექტურის შესაბამისად მოხდეს.
„გვაქვს ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილი არ ფლობს ინფორმაციას ბათუმში ურბანული განვითარების პრობლემების შესახებ. ამიტომაც გვინდა, პირადად მას მივმართოთ, როგორც მმართველი პარტიის ლიდერსა და თანაინვესტირების ფონდის დამფუძნებელს, რომლის დახმარებითაც უნდა განხორციელდეს პროექტი. ჩვენ ყველა რესურსი ამოვწურეთ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან მიმართებაში, ამიტომაც მივმართავთ ივანიშვილს, რომ დაგვეხმაროს ქალაქს, შეინარჩუნოს ისტორიული ნაწილი“, – განაცხადა მოძრაობის წევრმა, ზეინაბ დიასამიძემ.