მოლდოვის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტი დაითხოვა. პაველ ფილიპმა შესაბამის განკარგულებას ხელი მას შემდეგ მოაწერა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი იგორ დოდონი თანამდებობას დროებით ჩამოაშორა და პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება მას დაავალა.
თავად იგორ დოდონი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „ხელისუფლების უზურპაციაა“. კითხვაზე, რას აპირებს დოდონი ახლა, მან ჟურნალისტებს შემდეგი ფრაზით უპასუხა: „შიდა და საგარეო მობილიზაცია“.
მანამდე, დოდონმა მსოფლიო თანამეგობრობას დახმარების თხოვნით მიმართა, ის გახდეს შუამავალი ქვეყანაში ხელისუფლების გადაცემის პროცესში, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დოდონის თქმით, მოლდოვას საპროტესტო აქციები ელის.
მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პაველ ფილიპი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დღეს დანიშნა.