„მობილური იუსტიციის სახლი“ უკვე მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოსახლეობასაც მოემსახურება
იუსტიციის სამინისტროს წარმატებული პროექტის − „მობილური იუსტიციის სახლის“ გეოგრაფიული არეალი გაიზარდა. დღეიდან ის მცხეთა-მთიანეთის ხუთ სოფელსა და მათ შემოგარენში მდებარე სოფლების 17 000-ზე მეტ მომხმარებელს 470-მდე სერვისს მიაწვდის. წეროვანის დასახლებაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები მობილური იუსტიციის სახლის მომსახურების მიღებას საცხოვრებელ ადგილას შეძლებენ.
მცხეთა-მთიანეთის ადგილობრივმა მოსახლეობამ იუსტიციის სახლის სერვისები პირადად იუსტიციის მინისტრისაგან მიიღო. რატი ბრეგაძემ წეროვანში მცხოვრებ მარიამ ჭულუხაძეს შვილის დაბადების მოწმობა გადასცა. მინისტრთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ მისი მოადგილეები თამარ ტყეშელაშვილი და ერეკლე ღვინიანიძე, აგრეთვე, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა- მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
„დღეს ჩვენ წარვადგინეთ მეექვსე მობილური იუსტიციის სახლი. მოხარული ვართ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე მიიღონ ყველა ის მომსახურება, რასაც იუსტიციის სამინისტრო სთავაზობს მოქალაქეებს“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
„მობილური იუსტიციის სახლი“ იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტია, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებს სთავაზობს იმ ათეულობით სოფლის მცხოვრებთ, სადაც საზოგადოებრივი ცენტრები და იუსტიციის სახლები არ ფუნქციონირებს. პროექტი 2021 წლის აგვისტოში ამოქმედდა და დღეისათვის კახეთის, შიდა ქართლის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის, იმერეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებს მოიცავს.