„მოამბეში“ გასული რეპორტაჟის შემდეგ, ალიევების ხუთსულიან ოჯახს ბოლნისის მერიის თანამშრომლები დაეხმარნენ
„მოამბეში“ გასული რეპორტაჟის შემდეგ, კარავში მცხოვრებ ალიევების ხუთსულიან ოჯახს ბოლნისის მერიის თანამშრომლები საკუთარი სახსრებით დაეხმარნენ. მათ ოჯახს პირველადი მოხმარების ნივთები შეუძინეს.
ალიევები სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად ბოლნისის რაიონის სოფელ დარბაზის განაპირას ხუთი კვადრატული მეტრის ფართში ცხოვრობენ, რომელიც ცელოფნებით, მუყაოთი და ქსოვილებით თავად შეკრეს.
ბავშვებს სკოლაში მისასვლელად ორ კილომეტრამდე გზის გავლა უხდებათ. საშინაო დავალებების შესრულება მოზარდებს მუხლებზე უწევთ. სოციალურად დაუცველ ოჯახს ბოლნისის მერიამ ალტერნატიული ფართი შესთავაზა, თუმცა ალიევები არ თანხმდებიან და ამბობენ, რომ მრავალსართულიან კორპუსში გადასვლის შემთხვევაში, შემოსავლის ერთადერთ წყაროზე, მსხვილფეხა საქონელზე უარის თქმა მოუწევთ.
ბოლნისის მერიაში აცხადებენ, რომ ოჯახს კიდევ ერთხელ შესთავაზეს ქირით უზრუნველყოფა ან სოფელშივე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ფართში გადაყვანა, რაზეც ოჯახის უფროსმა მოსაფიქრებლად ერთკვირიანი ვადა ითხოვა.