საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“ დღეს 56 წლის გახდა. საქართველოს ტელევიზიის საინფორმაციო სამსახური ამ სახელწოდებით 1968 წლის 4 იანვარს ჩამოყალიბდა.
სახელის იდეა თამაზ ხომერიკს ეკუთვნის, რომელიც ინფორმაციის მთავარ რედაქციას ხელმძღვანელობდა. საინფორმაციო სამსახურის სახელწოდება მან ილია ჭავჭავაძის „საქართველოს მოამბის“ მიხედვით შეარჩია. მანამდე პირველ საინფორმაციო გამოშვებას, რომელიც ეთერში 1958 წელს გავიდა, „უკანასკნელი ცნობები“ ერქვა.
„მოამბემ“ ყოველდღიური მაუწყებლობა ტელევიზიის შექმნიდან ათი წლის შემდეგ დაიწყო. წლებთან ერთად იცვლებოდნენ დიქტორები და წამყვანები. „მოამბე“ წლების განმავლობაში ქვეყანაში ინფორმაციის ერთადერთ წყაროდ რჩებოდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივში დაცულ უნიკალურ კადრებს შორისაა „მოამბის“ ოპერატორების მიერ გადაღებული ეროვნული მოძრაობის, დამოუკიდებლობის პირველი წლების, აფხაზეთის ომისა და უახლესი ისტორიის სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები.
დღეს საინფორმაციო გადაცემა პირდაპირ ეთერში თანამედროვე სტუდიიდან გადის. საინფორმაციო სამსახური ინფორმაციის გადაცემას რამდენიმე პლატფორმაზე ახორციელებს – ტელევიზიით, რადიოთი და ვებგვერდზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიაპროდუქცია ითარგმნება ეთნიკური უმცირესობების ენებზე.
„საინფორმაციო სამსახური, რომელიც წელს 56 წლის გახდა, ყველასთვის – ძველი თაობისთვის, ახალი თაობისთვის, განსაკუთრებულად ახალი თაობისთვის, მინდა, იყოს ყველაზე სანდო, ობიექტური, დაბალანსებული; ის ხაზი, რომელიც არხს უჭირავს, კვლავ შეინარჩუნოს; არ დაივიწყოს წარსული, რომელიც ხშირად იყო გამოწვევებით სავსე, მაგრამ არხმა ყოველთვის შეძლო და გაუმკლავდა ამ ყველაფერს. 1956 წლიდან მაუწყებლობა იწყება, წელს კი „მოამბეს“ ვულოცავთ კიდევ ერთ დიდ თარიღს“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.