"მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა"
აღმოსავლეთ პარტნიორობის შედეგები და ევროკავშირ-საქართველოს სამომავლო ურთიერთობები, ეს არის ის ძირითადი საკითხი, რომელიც “ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე განიხილება.
ამასთან, შეხვედრაზე 24 ნოემბერს ბრიუსელში ჩატარებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგებს შეაფასებენ, ხელისუფლების საელჩოების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. კონფერენციაზე არასამთავრობოები ერთობლივ განცხადებას წარადგენენ, რომლითაც მთავრობას მოუწოდებენ, საქართველოს პარლამენტთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით დაიწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ყოვლისმომცველი უწყებათაშორისი საგზაო რუკის შემუშავება.
კონფერენციაზე მომხსენებლებს შორის საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე , ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი და ესტონეთის ელჩი საქართველოში კაი კარლსონი არიან.
“სამიტი იყო პოზიტიური პირველ რიგში იმით, რომ კიდევ ერთხელ ევროკავშირის ლიდერებმა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერებმა გამოხატეს მხარდაჭერა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატისსადმი, გამოხატეს მხარდაჭერა ასოცირებული ქვეყნებისადმი, საქართველო, უკრაინასა და მოლდოვის მიმართ. ეს გამოიხატა ერთობაში, ერთიან მიდგომებში. რა თქმა უნდა, მოლოდინები აქვს საქართველოს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დააფიქსირეს მხარდაჭერა ევროპული მისწრაფებისა და არჩევანისადმი. ასევე დეკლარაციაში ხაზი გაესვა იმ მნიშვნელობას, რომ ასოცირებულ ქვეყნებთან დაიწყოს დიალოგი, თუ რა მეტი შესაძლებლობები შეიძლება იქნას მოძებნილი ევროინტეგრაციის გზაზე. ძალიან დადებითად შეფასდა საქართველოს პროგრესი და მხარდაჭერილი იქნა საქართველოს მზაობა , გააგრძელოს როგორც ასოცირების შეთანხმების ნაკისრი ვალდებულების შესრულება. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური ასოცირების დღის წესრიგი 2017-2020 წლებისთვის და ამასთან ერთად საქართველოს მთავრობა მზად არის, გააკეთოს კიდევ უფრო მეტი, რათა კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადავდგათ ევროპისკენ. ამასთან, ევროკავშირის ლიდერების მიერ გამოიხატა მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი “ – განაცხადა საგარეო მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.
24 ნოემბერს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გაიმართა, სადა დეკლარაცია მიიღეს , რომლის მიხედვით, ევროკავშირი აღიარებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებს, ასევე ყურადღებას ამახვილებს დაფინასების ახალი ინსტრუმენტის შექმნაზე და წარმოადგენს 20 სარგებელს, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ეტაპობრივად მიიღებენ 2029 წლამდე .