„მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ქვეყანასთან, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“
შვეიცარია საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგის არსებობის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შვეიცარიელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია აქტიური თანამშრომლობა ქვეყანასთან, რომელიც წლების განმავლობაში მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ქვეყანასთან, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგის არსებობის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, იმ ფონზე როდესაც დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს.
შვეიცარია არის ქვეყანა, რომელთანაც სავარაუდოდ სულ მალე, ისევე როგორც ევროკავშირის ქვეყნებთან, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება სრულფასოვნად ამოქმედდება.
შვეიცარია და შვეიცარიის განვითარების სააგენტო არის მხარე, რომელმაც ჩვენი ქვეყნის განვითარებას 20 წლის განმავლობაში ასეულობით მილიონი დოლარი დაახარჯა და ამას მომავალშიც აგრძელებს.
მინდა მადლობა ვუთხრა ქალბატონ პრეზიდენტს და ხაზი გავუსვა ჩვენს შორის თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას, იმ პერსპექტივას, რომელიც მომავალში ჩვენს ქვეყნებს შორის ჩანს.
იმედს გამოვთქვამ, რომ ამ პოზიტიურად მზარდი დინამიკის ფონზე, ჩვენი საზოგადოებებისთვის უკეთეს მომავალს ვუზრუნველყოფთ. დიდი მადლობა საქართველოს მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.