მმართველმა გუნდმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებები მოამზადა, რომელსაც ოპოზიციასთან შეხვედრაზე წარადგენს 
მმართველმა გუნდმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებები მოამზადა, რომელსაც ოპოზიციასთან შეხვედრაზე წარადგენს 

მმართველმა გუნდმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებები მოამზადა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე.

მისი თქმით, წინადადება არის დაბალანსებული და მისაღები უნდა იყოს პროცესში ჩართული ყველა მხარისთვის.

„მას შემდეგ, რაც ორი-სამი კონსულტაცია გაიმართა პოლიტიკურ ოპოზიციასთან და ვერ მოხდა შეთანხმება იმ შეთავაზებებზე, რაც მათ ჰქონდათ, დღეს ჩვენ მოვამზადეთ წინადადება, რომელიც არის დაბალანსებული და ჩვენი აზრით, ეს უნდა იყოს მისაღები ყველა მხარისთვის, ვინც ამ პროცესშია ჩართული. ჩვენი აზრით, ეს მოდელი უზრუნველყოფს იმას, რომ რეგიოენების, დედაქალაქის წარმომადგენლობა, პროპორციული არჩევნების წილი შერეულ მოდელში იყოს დაბალანსებული“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი შეფასებით, მოდელის წარდგენის შემდეგ გამოჩნდება, რეალურად ვის სურს დემოკრატიული არჩევნები.

„რეალურად, ამ მოდელის წარდგენის შემდეგ დღეს გამოჩნდება, რომელი პოლიტიკური პარტია არის ორიენტირებული შეთანხმებაზე, ვის სურს რეალურად დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ვის აქვს სხვა ინტერესები, რომელიც შესაძლოა, საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით იყოს რამე ცვლილებებთან დაკავშირებული“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან, არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტიორებს.

„მადლობას ვუხდი საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ჩართული არიან ამ დიალოგში და ისინი ყველაფერს თავად დაინახავენ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან გააკეთებს დეტალურ განმარტებებს, რაში მდგომარეობს მმართველი გუნდის წინადადება.

„ეს არის ვერსია, სადაც პროპორციული და მაჟორიტარული წარმომადგენლობები არის დაბალანსებული და მიგვაჩნია, რომ მათთვის, ვისც რეალურად სურს შეთანხმება, ეს შესაძლოა, იყოს პროექტი, რასაც სჭირდება განხილვა და რაშიც რესურსი არის, რომ შევთანხმდეთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დღეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმამადგენლებს შორის დიალოგის მეოთხე რაუნდი იმართება.