საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, დააინიციროს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში. მიქანაძის განმარტებით, ნაცვლად 76 ხმისა, რომლითაც დღეს ხუთი წლის ვადით აირჩევიან ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები, საჭირო იქნება 90 ხმა. თუმცა, მიქანაძის თქმით, თუ კანდიდატი 90 ხმას ვერ დააგროვებს, ორჯერ იქნება შესაძლებელი 76 ხმით კონკრეტული მხარდაჭერის მიღება.
გივი მიქანაძის განცხადებით, პროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ 76 ხმით მხარდაჭერაც ვერ იქნა მოპოვებული, ეს საკითხი შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს.
გივი მიქანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ვრცლად ისაუბრა იმის შესახებ, რატომ გახდა საჭირო აღნიშნული ცვლილებების განხორციელება.
„როგორც გახსოვთ, ზაფხულში მოხდა 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელების შუალედური შეფასება, რომლის საფუძველზეც გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა გარკვეული წინადადებები და მოსაზრებები გამოთქვა დამატებით საარჩევნო კანონმდებლობაში გატარებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. აქვე, საზოგადოებას შევახსენებ, რომ გასული წლიდან მოყოლებული 2022 წლის ბოლომდე, მმართველი გუნდის ინიციატივით, აქტიურად მიმდინარეობდა საარჩევნო კანონმდებლობის რევიზიაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის საქმიანობა, რომელშიც რადიკალები ხელოვნურად არ მონაწილეობდნენ. მიუხედავად აღნიშნულისა, ჩვენ მივიღეთ ძალიან პოზიტიური დასკვნა ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიისგან. ასევე, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ჩვენი ოპონენტების მხრიდან წარმოდგენილი წინადადებები, რის საფუძველზეც, 2022 წლის დეკემბერში პარლამენტმა ძალიან მაღალი კონსენსუსით და ფართო მხარდაჭერით მიიღო ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში. აღნიშნულის მიუხედავად, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად, მთავარ გამოწვევად დარჩა ის, რომ პრეზიდენტთან არსებული ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის კონკრეტული მექანიზმი ჩიხურ პროცესში იყო შესული, ეს პროცესი წინ ვერ მიდიოდა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ არჩევნებამდე წელიწადზე ოდნავ მეტი პერიოდი იყო დარჩენილი. სწორედ ამან გვიბიძგა იქითკენ, რომ მმართველმა გუნდმა საზოგადოებას შესთავაზა უფრო გამჭვირვალე, ღია, უფრო მოქნილი, ჩართულობაზე ორიენტირებული კონკრეტული სქემა, საკანონმდებლო ცვლილებებით განმტკიცებული, რომლითაც ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევამ პარლამენტში გადმოინაცვლა პრეზიდენტის უშუალო წარმომადგენლის მონაწილეობით. ჩვენ მივიღეთ ცვლილებები ამ საკითხთან დაკავშირებით, გახსოვთ, ვეტოც დავძლიეთ, თუმცა ჩვენთვის ორი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. ერთი – უახლოეს პერიოდში განხორციელდეს ცესკო-ს თავმჯდომარისა და ვაკანტური წევრების შერჩევა მაქსიმალური გამჭვირვალობით, ღიაობითა და ჩართულობით, რაც მნიშვნელოვანია, რადგან წელიწადზე ოდნავ მეტი დარჩა არჩევნებამდე და იცით, რომ ცვლილებებით, რომლებიც 2022 წლის ბოლოს განხორციელდა, საკმაოდ ბევრი საორგანიზაციოო საკითხია გასატარებელი, მათ შორის, საზოგადოებას შევახსენებ, საუბარი გვაქვს სრულიად ახლებურ საარჩევნო სისტემაზე, რაც უკავშირდება ელექტრონული მარეგისტრირებელი, ელექტრონული მთვლელი აპარატების მეშვეობით არჩევნების ჩატარებას 2024 წლის ოქტომბერში.
ამ პროცესებს სჭირდება სრულად გამართული, მოქმედი და უფლებამოსილი ცენტრალური საარჩევნო კომისია. გამომდინარე იქიდან, რომ 12-პუნქტიანი გეგმის შუალედურ შეფასებაშიც იყო კონკრეტული მოსაზრებები გარკვეულ ცვლილებებთან დაკავშირებით, მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დააინიციროს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში, რომლის მიხედვითაც, განხორციელდება შემდეგი სქემა: ნაცვლად 76 ხმისა, რომლითაც დღეს ხუთი წლის ვადით აირჩევა ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები, კვორუმი იზრდება და იქნება სამი მეხუთედი. 90 ხმაზე იქნება ორიენტირებული. იმ შემთხვევაში, თუ 90 ხმის დაგროვება ვერ იქნება უზრუნველყოფილი, კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალი არის უკვე 76 ხმა, ორჯერ იქნება შესაძლებელი 76 ხმით კონკრეტული მხარდაჭერის მიღება შესაბამისი კანდიდატებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ 76 ხმაც ვერ იქნა ორგანიზებული და მხარდაჭერა ვერ იქნა მოპოვებული, წარმოდგენილი კანონპროექტის საფუძველზე, ეს საკითხი შემდგომი ინდივიდუალური გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც გადაეცემა კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატის სია. საქართველოს პრეზიდენტი ამ შემთხვევაში ერთპიროვნულად გადაწყვეტს, წარმოდგენილი სიიდან რომელი კანდიდატი დანიშნოს ცესკო-ს თავმჯდომარედ თუ ცესკო-ს წევრის ვაკანტურ პოზიციაზე“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მიქანაძის განმარტებით, პარლამენტი აღნიშნულ ინიციატივას დაჩქარებული წესით განიხილავს.
„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის არსებითად მნიშვნელოვანია ცესკო-ს მალევე, წლის ბოლომდე დაკომპლექტება, რომ ცესკო უფლებამოსილი, გამართული და სრულად ფუნქციონირებადი იყოს იმ კანონმდებლობის განსახორციელებლად, რომელიც მივიღეთ 12-პუნქტიანი გეგმის ფორმატში, ჩვენ ვაინიცირებთ ამ ინიციატივას დაჩქარებული წესით და ორი კვირის თავზე, პლენარულ სხდომებზე ვაპირებთ, სამივე მოსმენით გავიტანოთ ეს საკითხი. ამავდროულად, თუ ჩვენს ოპონენტებს ამ პერიოდის განმავლობაში რაიმე დამატებითი წინადადებები ან შემოთავაზებები ექნებათ, დრო საკმარისია მათ წარმოსადგენად. აქვე, ვიტყვი, რატომ ვაკეთებთ დამატებით ამ ცვლილებებს ახლა. გარდა იმისა, რომ მთავარი მიზეზია ცესკო-ს დროული დაკომპლექტება და სრულფასოვანი ფუნქციონირება, მოგეხსენებათ, ეუთო/ოდირის სარეკომენდაციო პრინციპები ითვალისწინებს ცვლილებებს არჩევნებამდე ერთი წლით ადრე – საარჩევნო წელს რომ არ იყოს მიღებული კანონმდებლობაში საარჩევნო კანონმდებლობის მარეგულირებელი მნიშვნელოვანი ცვლილებები. ამიტომ მმართველმა გუნდმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომელიც დღის ბოლომდე უკვე ოფიციალურად, საკანონმდებლო ინიციატივის სახით დარეგისტრირდება. ბიურო ამას განიხილავს და შესაბამის კომიტეტებს დააწესებს. სექტემბრის ბოლომდე მიღებული იქნება ცვლილებები და ჩვენ მზად ვართ ამ განხილვებისთვის“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.