მმართველი გუნდი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივას რამდენიმე დღეში წარადგენს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პრეზიდენტის წლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, სხვა საკითხებთან ერთად, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ საარჩევნო საკითხებზე შეთანხმება არა მხოლოდ ხელისუფლებაზე, ყველა მხარეზე არის დამოკიდებული.
მისივე განცხადებით, მმართველმა გუნდმა გაითავისა საკუთარი პასუხისმგებლობა და ქმედითი ნაბიჯები გადადგა.
„მინდა, შევეხო ბოლო დროის, ბოლო პერიოდის მნიშვნელოვან გამოწვევას, რასაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება ჰქვია. ჩვენი პარტნიორები, სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლები, რომლებსაც მადლობა გადავუხადეთ, მოგვიწოდებენ, რომ შეთანხმება შედგეს. შეთანხმება დამოკიდებულია ორ მხარეზე და არა მხოლოდ ერთ მხარეზე. ჩვენ გავითავისეთ პასუხისმგებლობა და გადავდგით შესაბამისი, ქმედითი ნაბიჯები“ ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, მმართველი გუნდი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელშიც ე.წ. 40 პროცენტიანი პრინციპი იქნება გათვალისწინებული.
„რამდენიმე დღეში, როგორც ბოლო დღეებში ითხოვენ, უკვე დაწერილი, საკნანომდებლო ინიციატივის სახით წარმოდგენილი იქნება პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ე.წ. 40 პროცენტიანი პრინციპი. პრინციპი, რომლის მიხედვითაც, პარტია, გამარჯვებული სუბიექტი, რომელიც მოიპოვებს 40 პროცენტზე ნაკლებს, ვერც ერთი კონფიგურაციის დროს ვერ შეძლებს, დააკომპლექტოს მთავრობა, ანუ მიიღოს 75 მანდატზე მეტი. თუ მთავარია, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ და თქვენც შეეხეთ, ქალბატონო პრეზიდენტო, ამ საკითხს, გამოთქვით იმედი, მე მგონია, რომ მართლაც შედეგით დასრულდება, რადგან თუ საუბარია მეტ პროპოციულობაზე, შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, 2016 წელს რომ ჩატარებულიყო ჩვენ მიერ შეთავაზებული მოდელით, რაც წერილობითი სახით 3-4 დღეში წარედგინება საზოგადოებას, „ქართული ოცნება“ მანდატებთან მიმართებით მივიღებდით იგივე შედეგს, რაც 5-პროცენტიანი ბარიერის არებობის შემთხვევაში პროპორციული არჩევნების დროს, არც მეტი და არც ნაკლები. ე.წ. ჩამკეტი, რომელზეც ამ დღეების განმავლობაში ვსაუბრობთ, გულისხმობს ამას, ვერც ერთი მანდატით მეტი, ვიდრე ეს შესაძლებლობა არსებობს პროპოციულ სისტემაში 5 პროცენტიანი ბარიერით. თუ საუბარია თავად ბარიერზე, კი ბატონო, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეთანხმდნენ და ამ შეთანხმების საფუძველზე რამდენ პროცენტიან ბარიერსაც მოისურვებენ, იმაზეც მივყვებით, ამასაც ავსახავთ შესაბამის პროექტში“ ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.