მმართველი გუნდი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტს თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურას წარუდგენს
მმართველი გუნდი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტს თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურას წარუდგენს. ამის შესახებ უმაღლესი საბჭოს ახალი უმრავლესობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, „ქართული ოცნების“ არჩეულმა დეპუტატმა, ტიტე აროშიძემ განაცხადა.
თუმცა ჯერჯერობით უცნობია თარიღი, თუ როდის დაამტკიცებენ აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას. ამასთან, ხვალ უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება.
ტიტე აროშიძის განცხადებით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ მეორე ვადით დავით გაბაიძე იქნება წარდგენილი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ვიცე სპიკერის პოსტზე თავად – ტიტე აროშიძე; ფრაქცია „ქარული ოცნების“ ხელმძღვანელი იქნება გიორგი მანველიძე; საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს უხელმძღვანელებს ვლადიმერ მგალობლიშვილი; საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იქნება მარინე გვიანიძე; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს უხელმძღვანელებს ილია ვერძაძე, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტს – ცოტნე ანანიძე; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტს – დავით ბაციკაძე; აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტს კი ფრიდონ ფუტკარაძე უხელმძღვანელებს.
გენდერული საბჭოს თავმჯდომარედ წარდგენილი იქნება ფატი ხალვაში, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე კი ირაკლი ჭეიშვილი იქნება.
ტიტე აროშიძის განცხადებით, უმაღლესი საბჭო იმუშავებს კონსტიტუციით გაწერილ ფორმატში და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მანდატებზე უარის თქმა მათ მუშაობას ხელს ვერ შეუშლის.