17 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებაში ოჯახის წევრები ექიმს ადანაშაულებენ
მარნეულის სოფელ კაპანახჩში ერთი თვის წინ გარდაცვლილი 17 წლის ახალგაზრდა მამაკაცის, ემინ ისმაილოვის ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს. ისინი ექიმების დასჯას ითხოვენ.
ემინ ისმაილოვი ავტოავარიაში 4 ნოემბერს რუსთავი წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე მოყვა. ის ხელის ტრავმით ოჯახის წევრებმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მიიყვანეს. როგორც გარდაცვლილის მამა აცხადებს, საავადმყოფოში მიყვანისას მისი შვილი კონტაქტური იყო. ორსაათიანი ოპერაციის შემდეგ ოჯახს განუცხადეს, რომ ბიჭი გარდაიცვალა.
აქციის მონაწილეების მტკიცებით 17 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ექიმის შეცდომა გახდა.
ოჯახი გამოძიებას და ექიმის დასჯას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.
რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, დავით გოგოძის განმარტებით, პაციენტს ბეჭის ძვლის მოტეხილობა აღენიშნებოდა. ოპერაციის შემდეგ კი, გული გაუჩერდა. რამ გამოიწვია გულის გაჩერება, გოგოძე ვერ აკონკრეტებს. მისი განმარტებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. მიზეზებს კი, შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.