მლეთა-კობის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების რისკის შემცირების შემდეგ დაიწყება
რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ზვავსაშიშროების გამო მლეთა-კობის მონაკვეთზე მოძრაობა კვლავ შეფერხებულია.
როგორც პირველ არხს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ ნუგზარ გასვიანმა განუცხადა, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და როგორც კი ზვავსაშიშროების რისკი შემცირდება, დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.
„ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და როგორც კი ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნება, დაუყოვნებლივ დაიწყება სამუშაოები. მეორე შეზღუდვა გომბორის საუღელტეხილო მონაკვეთზეა, სადაც მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორივე მიმართულებით არის მობილიზებული ტექნიკა, დეპარტამენტის წარმომადგენლები და საზედამხედველო სამსახურები, რომლებიც სამუშაოების მიმდინარეობას აკონტროლებენ“, – განაცხადა ნუგზარ გასვიანმა.