მკვლევრებმა დაადგინეს, ზუსტად როგორ განაპირობებს კიბოს ამ დაავადების გამომწვევი ძირითადი მუტაცია — #1tvმეცნიერება
ცნობილია, რომ გენში, სახელად TET2, მომხდარი მუტაციები კიბოსთან არის კავშირში. ამჯერად, მეცნიერებმა ამოხსნეს დიდი ხნის თავსატეხი — რატომ არსებობს ეს კავშირი; ეს კი ნიშნავს ახალ სამიზნეებს კიბოს სამკურნალოდ.
ამერიკელ მკვლევართა ჯგუფმა პასუხის ძებნა ალტერნატიულ ადგილას დაიწყო, ყურადღება გადაიტანა დნმ-დან რნმ-ზე.
როგორც ჩანს, TET2-ს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს რნმ პროცესზე, რომელსაც მეთილირება ეწოდება; ეს პროცესი გავლენას ახდენს დნმ-ის ბლოკებად შეფუთვაზე, რომელსაც ქრომატინს უწოდებენ. კიბო მაშინ ჩნდება, როცა ჩვენს უჯრედებში ცილების შეფუთვისა და გახსნის ამ „უკიდურესად რთული ცეკვის“ რაღაც ნაწილში გადაცდომები ხდება.
„აღმოჩენა წარმოადგენს კონცეპტუალურ გარღვევას; გვთავაზობს რამდენიმე დაავადების მკურნალობის პოტენციურ სამიზნეებს და ამავე დროს, უკეთესი წარმოდგენა გვექმნება ბიოლოგიაში ქრომატინის რეგულაციის დიდი სურათის შესახებ. იმედი გვაქვს, რომ რეალურ ცხოვრებაში ამის გავლენა ძლიერ მაღალი იქნება“, — ამბობს ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბიოქიმიკოსი ჩუან ჰე.
TET2-სთან დაკავშირებული გენების მუტაცია აღინიშნება ლეიკემიის შემთხვევათა 60 პროცენტში; ისინი სხვა ტიპის კიბოებთანაცაა კავშირში.
წინა კვლევაზე დაყრდნობით, რომელშიც შეისწავლეს, როგორ ერთიანდებიან დნმ და რნმ გენების ექსპრესიის მეშვეობით ცილების საწარმოებლად — მკვლევრებმა ლაბორატორიაში გენების რედაქტირებისა და ანალიზის სხვადასხვა მოწინავე მეთოდი გამოიყენეს, რათა ეპოვათ კავშირი TET2-სა და რნმ-ის მეთილირებას შორის.
ჯგუფმა გამოავლინა მოდიფიკაცია რნმ-ში, სახელად m5C, რომელიც ცილა MBD6-ის იზიდავდა და რომელიც შემდეგ აკონტროლებდა ქრომატინის შეფუთვას.
სიცოცხლის ადრეულ ეტაპზე, განვითარებადი უჯრედებისთვის TET2 ქრომატინს უფრო ხელმისაწვდომს ხდის და გენების ექსპრესიას უჭერს მხარს ისე, რომ ღეროვან უჯრედებს ნებისმიერი სხვა ტიპის უჯრედად გადაქცევა შეუძლიათ. ზრდასრულებში, TET2 ზღუდავს ცილა MBD6-ს და კონტროლს ამკაცრებს. ამ კონტროლის მოშლის შემთხვევაში, ბიოლოგიური წარმოების ხაზი შეიძლება მოიშალოს.
„თუ TET2 მუტაცია გაქვს, ხელახლა ხსნი ზრდის ამ გზას, რომელმაც შეიძლება საბოლოოდ კიბოსთან მიგიყვანოს — განსაკუთრებით სისხლსა და თავის ტვინში, რადგან ეს გზა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩანს სისხლისა და ტვინის განვითარებაში“, — განმარტავს ჰე.
შემდეგმა ლაბორატორიულმა ტესტებმა აჩვენა, რომ როდესაც ცილა MBD6-ს დაბლოკავ, ლეიკემიის კიბოს უჯრედები იხოცება. ეს ფაქტი ექსპერტებს კიბოს საწინააღმდეგო წამლებისთვის ახალ სამიზნეს სთავაზობს. ამავე ეფექტის მქონე წამლებს უზარმაზარი პოტენციალი ექნება.
ხანდაზმულ ადამიანებში, TET2-ის ეს მუტაციები ასევე დაკავშირებულია ანთებითი მდგომარეობის მაღალ რისკთან, მაგალითად, გულის დაავადებებთან, ინსულტთან და დიაბეტთან.
ამის მიზეზი ისაა, რომ TET2-ის მუტაციების მქონე სისხლის უჯრედები ანთებითი ხდება და უფრო მეტ სტრესს ატანს სხეულის სხვადასხვა ნაწილს. ამ კვლევის საფუძველზე შემუშავებული სამკურნალო საშუალებები ასევე შეიძლება გამოდგეს ამ დაავადებათა პრევენციულ ზომად.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.uchicago.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.