მკვლევართა განცხადებით, კორონავირუსის „დელტაკრონ“ ჰიბრიდი არ არსებობს — #1tvმეცნიერება
ექსპერტთა განცხადებით, კორონავირუსის სავარაუდო ჰიბრიდული მუტაცია, რომელიც კვიპროსის ლაბორატორიაში აღმოაჩინეს, დიდი ალბათობით, ლაბორატორიული დაბინძურების (კონტამინაცია) შედეგია და სულაც არ წარმოადგენს შემაშფოთებელ შტამს.
როგორც კვიპროსული მედია წერდა, ამ ჰიბრიდს გააჩნდა დელტა ვარიანტის გენეტიკური ფონი და გარკვეული მუტაციები ომიკრონთან.
მართალია, კორონავირუსების გენეტიკურად კომბინირება შესაძლებელია, მაგრამ ასეთი რამ იშვიათია; მეცნიერები, რომლებმაც ე. წ. დელტაკრონი შეისწავლეს, ამბობენ, რომ მისი არსებობა ნაკლებად სავარაუდოა.
„კვიპროსული დელტაკრონი, რომლის შესახებაც რამდენიმე მსხვილი მედიასაშუალება წერდა, აშკარად დაბინძურების შედეგს ჰგავს“, — წერს ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის ვირუსოლოგი ტომ პიკოკი.
ბრიტანეთის COVID-19 Genomics Initiative-ის მკვლევრის, ჯეფრი ბარეტის განცხადებით, სავარაუდო მუტაციები გენომის იმ ნაწილში მდებარეობს, რომელიც საკმაოდ მგრძნობიარეა სეკვენირების გარკვეულ პროცედურათა შეცდომებისადმი.
„თითქმის გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ეს არ გახლავთ დელტა და ომიკრონ ხაზების ბიოლოგიური რეკომბინაცია“, — ამბობს ბარეტი.
მეცნიერები COVID-19-ის შესახებ ინტერნეტში გავრცელებულ დეზინფორმაციას აქტიურად ებრძვიან.
გასულ კვირაში გავრცელდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვირუს „ფლურონას“, ანუ გრიპისა და კორონავირუსის კომბინაციის გავრცელების შესახებ, რაც შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უარყო.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი შეიძლება გრიპითა და კორონავირუსით ერთდროულად დაინფიცირდეს, ამ ორი ვირუსის გაერთიანება შეუძლებელია.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.