მკვლელობის მცდელობის, ძარცვის, პოლიციელისთვის ხელის შეშლისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს [ვიდეო]
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ი.ს. განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ძარცვის ბრალდებით, ხოლო 1998 წელს დაბადებული მ. ბ. პოლიციელისთვის სამსახურებრივი მოვალეობის ძალადობით ხელის შეშლის და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ი.ს-მ 28 ივლისს, თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში მდებარე ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ქუჩაზე მოქალაქეს საფულე გასტაცა. მძარცველის დაკავებას შემთხვევის ადგილზე მყოფი, 1992 წელს დაბადებული ლ.ლ. შეეცადა, რომელსაც ი.ს.-მ ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, რა დროსაც იგი პოლიციამ დააკავა. დაკავების დროს ი.ს-ს თანმხლებმა, 1998 წელს დაბადებულმა მ.ბ.-მ პატრულ-ინსპექტორს წინააღმდეგობა გაუწია და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რომელიც სამართალდამცველებმა ასევე შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
დაჭრილი ლ.ლ სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძარცვის, პოლიციელისთვის სამსახურებრივი მოვალეობის ძალადობით ხელის შეშლისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე, 178-ე და 353-ე მუხლებით.
„ი.ს.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მ.ბ.-ს ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება“, – აცხადებენ შსს-ში.