გერმანიაში საქართველოს მოქალაქე და მისი მეუღლე დააკავეს, მათ ბრალად 59 წლის მამაკაცის მკვლელობა ედებათ.
გამოცემა BILD-ის ცნობით, მკვლელობა ძარცვის დროს მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, დანაშაულს შეესწრო მსხვერპლის 91 წლის დედა. გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე და მისი რუსი მეუღლე ქალაქ ულმში მდებარე ერთ-ერთ სახლში ავტოფარეხის გავლით შევიდნენ.
ხმაურზე სახლის მფლობელებს გაეღვიძათ, რასაც მძარცველებთან დაპირისპირება მოჰყვა. ქართველმა მამაკაცმა მძიმე დაზიანებები მიაყენა სახლის მეპატრონეს, რომელიც გარდაიცვალა.
ამჟამად ორივე დამნაშავე დაკავებულია. გამოძიებას აქვს ინფორმაცია, რომ დამნაშავეები სახლის მფლობელებს იცნობდნენ.
დაკავებული 39 წლის მამაკაცი და მისი მეუღლე წლების განმავლობაში ქალაქ ულმში ცხოვრობდნენ. სამართალდამცველები იკვლევენ ჰყავდათ თუ არა დამნაშავეებს თანამზრახველები.