მკვლელი ბაყაყი, რომელსაც ავსტრალიაში სრულმასშტაბიანი ომი გამოუცხადეს
მკვლელი ბაყაყი, რომელსაც ავსტრალიაში სრულმასშტაბიანი ომი გამოუცხადეს

ავსტრალიის ბინადარი ბაყაყი აგა (Rhinella marina) ზედმეტად ხარბი არსებაა. რომ არა ხოჭოებისადმი სიყვარული, სამხრეთ ამერიკის ჯუნგლების მკვიდრი ეს ბაყაყი შესაძლოა, ავსტრალიაში არც არასოდეს მოხვედრილიყო. 1935 წელს ენტომოლოგ რეჯინალდ მანგომერის კუინზლენდის შტატში შაქრის ლერწმის ფერმერთა უდიდესი პრობლემის გადაჭრა სურდა. საქმე ის იყო, რომ ხოჭოები მასობრივად ანადგურებდნენ ლერწმის ნათესებს. მანგომერის აგულიანებდა ის ფაქტიც, რომ რამდენიმე წლით ადრე, ბაყაყ აგას შეყვანით მსგავსი პრობლემა წარმატებით ჰქონდა გადაჭრილი ერთ-ერთ ბიოლოგს ჰავაის კუნძულ ოაჰუზე. შეგულიანებულმა მანგომერიმ სამხრეთ ამერიკიდან ავსტრალიაში 102 ბაყაყი აგა შეიყვანა.

შედეგებს მანგომერი მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა. მას შემდეგ 80 წელი გავიდა და ეკოლოგები დღემდე ამაოდ ცდილობენ ამ ბაყაყის მოსპობას.

ბაყაყები თავდაპირველად ჩრდილოეთ ავსტრალიაში შეიყვანეს. სულ რამდენიმე თვის შემდეგ, 102 ბაყაყი ათასობით გამრავლდა. თუმცა, გომბეშოები ხოჭოებს, რომლის გასანადგურებლადაც ისინი კონტინენტზე ჩაიყვანეს, ახლოსაც არ ეკარებოდნენ.

ექსპერიმენტი ჩავარდა. ბაყაყები ვერ ხტებოდნენ იმ სიმაღლეზე, რომ ხოჭოებს მისწვდომოდნენ. მწერები შაქრის ლერწმის ზედა ტოტებში ბინადრობდნენ.

ბაყაყს გაუმართლა იმაშიც, რომ ავსტრალიის მკვიდრი მხეცები მას ახლოს არ ეკარებოდნენ. საქმე ის არის, რომ ყურის ხვრელებში არსებული ჯირკვლებში ბაყაყი აგა ქიმიური თავდაცვის საშუალებას მალავს. ეს რძისებრი კარდიოტოქსინი სახიფათოა ადამიანების, ძაღლების, ნიანგებისა და სხვა ცხოველებისათვის. საკმაოდ მნიშვნელოვანი ზიანი მან ჩანთოსანი კვერნის პოპულაციას მიაყენა.

განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ ამფიბიათა მჭამელი ცხოველები. სიდნეის უნივერსიტეტის ექსპერტის, რიკ შაინის განცხადებით, ბაყაყი აგა აბსოლუტურად კატასტროფულია მტაცებელთათვის. მათი შემოყვანიდან პირველი ორი თვის შემდეგ, ასეთ ცხოველთა სიკვდილიანობამ 95 პროცენტს მიაღწია.

ათწლეულების წინ, ავსტრალიაში ეს ბაყაყები ნელა ვრცელდებოდნენ, კუინზლენდის ეპიცენტრიდან დაახლოებით 10 კილომეტრით წელიწადში. მაგრამ დღეისათვის, ეს გადაადგილება დასავლეთის მიმართულებით 40-55 კმ-ს აღწევს. არსებობს ცნობები, რომ ცხოველებმა უკვე კონტინენტიც კი გადაკვეთეს, მაგრამ სავარაუდოდ, მათი გადაადგილება არა ბუნებრივად, არამედ შემთხვევით, ტრანსპორტით მოხდა. აგას პოპულაციის დაახლოებითი რაოდენობა 1,5 მილიარდია.

აღსანიშნავია ისიც, რომ სამშობლოსგან განსხვავებით, ავსტრალიაში შეყვანილი აგა სუპერმტაცებლად იქცა.

რა არის გამოსავალი? როგორ შეიძლება მათი განადგურება? ვარიანტებს შორის არის ბრძოლა მათი პატარა ნაშიერების მჭამელი ჭიანჭველებით; ბაყაყების კანის გამოყენება საფულეებში, გოლფის აქსესუარებში და ა. შ. მაგრამ კუინზლენდის უნივერსიტეტის მოლეკულური ბიომეცნიერების პროფესორ რობ კეიპონს სულ სხვა გეგმა აქვს. მისი აზრით, საჭიროა ბაყაყის შხამის მის წინააღმდეგვე მიმართვა.

კეიპონმა და მისმა კოლეგებმა ზრდასრული ბაყაყებისგან შხამი ამოიღეს, წაუსვეს სპეციალურ ბურთულებს, რომლებიც შემდეგ პლასტმასის ყუთებში მოათავსეს და ბაყაყების გამრავლების ზონებში ჩამოყარეს. ტოქსინი შეიცავს ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც თავკომბალებს იზიდავს, ეს კი კანიბალიზმის მიზეზი ხდება. ერთი თაობის გამოჩეკვის შემდეგ, თავკომბალები სხვა გამოუჩეკავი კვერცხებით იკვებებიან. პლასტმასის ყუთებში მოთავსებული სუნიანი საკვები მშიერი თავკომბალებისთვის ზედმეტად მიმზიდველი აღმოჩნდა.

აგას გავრცელება ავსტრალიაში

 

ამ ყუთების გამოყენებით, რომლებსაც წვრილი, გვირაბის მსგავსი შესასვლელი აქვს, ავსტრალიელმა ბიოლოგებმა წარმატებით შეიტყუეს და დაიჭირეს კანიბალ თავკომბალათა ქარავნები. კეიპონის თქმით, 48 საათში 40 000 თავკომბალის დაჭერა მოხერხდა.

მოგვიანებით, ქალაქ ბრიზბენის ბოტანიკურ ბაღში ამ მეთოდით 50 000 თავკომბალა დაიჭირეს და დახოცეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ერთი მდედრი ბაყაყი აგა 30 000-მდე კვერცხს დებს. კეიპონის თქმით, ქიმიური ატრაქტანტი არ აზიანებს სხვა ამფიბიათა სახეობებს.

შედეგები იმედისმომცემი ჩანს, მაგრამ როგორც კეიპონი აღნიშნავს, საბოლოო გამარჯვებამდე ჯერ გრძელი გზაა გასავლელი.

მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით.