მიწისძვრის შედეგად ღია ცის ქვეშ დარჩენილი ირანელები შველას ითხოვენ.
12 ნოემბერს ირან-ერაყის საზღვართან მომხდარ მიწისძვრას დაახლოებით 540 ადამიანი ემსხვერპლა და 8000-მდე დაშავდა. ქვეყნის ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს, დახმარება აღმოუჩინოს ქირმანშაჰის პროვინციის მცხოვრებლებს, სადაც ასობით საცხოვრებელი სახლი განადგურდა.
ქვეყნის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ, რომელიც რეგიონში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ დანგრეული სახლების უმეტესობა სახელმწიფოს მიერაა აშენებული და ამაზე პასუხისმგებელი უწყებები დაისჯებიან.
ტემპერატურა ქირმანშაჰის პროვინციაში ღამით ყინავს. ადამიანები გასათბობად ყუთებსა და შესაფუთ მასალებს წვავენ, ღამეებს კარვებში ათევენ და საკვებისა და წყლის სიმცირეზე საუბრობენ, – წერს BBC.
კვირა ღამეს 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ორი დღის განმავლობაში 200-მდე სუსტი ბიძგი მოჰყვა. სტიქია 2017 წლის ყველაზე დამანგრეველ და დიდ მსხვერპლიან მოვლენად შეფასდა.